შინაარსზე გადასვლა

საყოველთაო ეპისტოლე

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

„საყოველთაო ეპისტოლე“სომხეთის სამოციქულო ეკლესიის მეთაურის აბრაჰამ I-ის მიერ VII საუკუნის დასაწყისში გამოცემული ეპისტოლე, რომლითაც სომხებს აუკრძალა ყოველგვარი ურთიერთობა ქართველებთან და ალბანელებთან, გარდა ვაჭრობისა[1].

V საუკუნეში სამხრეთ კავკასიაში ჯერ კიდევ არ იდგა შიდაქრისტიანული პრობლემა, რადგან ამ დროს აქ მაზდეანობის წინააღმდეგ ბრძოლის საკითხი იყო მთავარი. ბიზანტიაში, მიუხედავად იმისა, რომ 451 წელს ქალკედონის მსოფლიო საეკლესიო კრებამ მხარი დაუჭირა დიოფიზიტობას, ხელისუფლება კვლავ მერყეობდა მონოფიზიტობასა და დიოფიზიტობას შორის, ბიზანტიის იმპერატორები პრომონოფიზიტურ პოლიტიკას ატარებდნენ, მხოლოდ იუსტინე I-ის (518-527 წწ.) და განსაკუთრებით იუსტინიანე I-ის (527-565 წწ.) დროს ბიზანტიის ხელისუფლება მტკიცედ დადგა დიოფიზიტურ მრწამსს.

სწორედ ამ ხანებში დადგა ეს საკითხი კავკასიის ხალხების წინაშე. დვინის 506 წლის კრებაზე მხარი დაუჭირეს ბიზანტიის შემრიგებლურ პოლიტიკას დიოფიზიტებსა და მონოფიზიტებს შორის. ამის შემდეგ სომხური ეკლესია იხრება მონოფიზიტობისაკენ, ხოლო ქართული - დიოფიზიტობისაკენ. 551 წელს დვინის საეკლესიო კრებაზე სომხეთის ეკლესიამ ოფიციალურად გამოაცხადა მონოფიზიტობა თავის მრწამსად. ასე ჩაისახა საფუძველი საეკლესიო განხეთქილებისა ქართულ და სომხურ ეკლესიებს შორის.

VI საუკუნის 60-იან წლებში სომხეთის ეკლესიამ მოახერხა და გაავრცელა მონოფიზიტობა საქართველოსა და ალბანეთის ეთნიკურად შერეული თემების სომხურ მოსახლეობაში: ტაშირში, ძოროფორში, გარდმანში და არცახში. ანალოგიური გაიმეორეს ამავე საუკუნის ბოლოს. მათი შემწეობით 599 წელს ბართლომე კათოლიკოსის გარდაცვალების შემდეგ ქართლის კათოლიკოსის ტახტი დაიკავა კირონ I-მა, რომელიც მანამდე სომხეთში ცხოვრობდა. სომხეთის კათალიკოსის ვარაუდით, ამას უნდა გაეძლიერებინა მონოფიზიტობის პოზიციები საქართველოში. მაგრამ მოხდა პირიქით: კირიონი დიოფიზიტური მრწამსის ყველაზე ენერგიული პროპაგანდისტი გახდა. მისი რელიგიური პოლიტიკა მონოფიზიტობის სრულ აღმოფხვრას ითვალისწინებდა. კირიონის მკვეთრმა სარწმუნოებრივმა პოლიტიკამ რელიგიური კონფლიქტი ქართლსა და სომხეთს შორის მიიყვანა განხეთქილებამდე. ეს განხეთქილება საბოლოოდ გაფორმდა VII საუკუნის დასაწყისში, სომეხთა კათალიკოსის საყოველთაო ეპისტოლის მიღების შედეგად[1].

კირიონის მიერ შევიწროებული ცურტავის სომეხი მონოფიზიტი ეპისკოპოსი მოსე 605 წელს გაიქცა სომხეთში და საჩივრის წერილით მიმართა სომეხთა კათალიკოსის მოადგილეს ვრთანეს ქერდოლს. ამას მოჰყვა მიმოწერა ორი ეკლესიის მესვეურებს შორის[2]. პოლემიკა დასრულდა „საყოველთაო ეპისტოლის“ გამოცემით, რომლითაც სომხებს აეკრძალა ყოველგვარი ურთიერთობა ქართველებთან და ალბანელებთან, გარდა ვაჭრობისა.

ახლო აღმოსავლეთში (კერძოდ ირანში) გაძლიერდა დიოფიზიტების დევნა. 613-616 წლებს შორის ქტეზიფონში მოწვეულმა კრებამ მიმართა ირანის ხელქვეით მყოფი ქვეყნების ქალკედონიტებს ან დაეტოვებინათ თავიანთი სამშობლო ან შეეცვალათ მრწამსი. ირანის მომძლავრებამ და ქართლზე შემოტევამ აიძულა კირიონ ქართლის კათალიკოსი, დაეტოვებინა ქართლი და თავი შეეფარებინა ბიზანტიისათვის. ქართლში დროებით ირანელების გავლენა დამყარდა. ვითარება შეიცვალა VII საუკუნის 20-იან წლებში. ჰერაკლე კეისრის ლაშქრობამ შეარყია ირანელთა ძალა და მათი ბატონობა ქართლში. ამის შემდეგ კვლავ განმტკიცდა და საბოლოოდ დამყარდა დიოფიზიტური მრწამსი.

  • საქართველოს ისტორია, ტ. I, თბ., 2008
  • ეპისტოლეთა წიგნი, თფლისი, 1901 (სომხურ ენაზე).
  • ეპისტოლეთა წიგნი, სომხური ტექსტი ქართული თარგმანით, გამოკვლევითა და კომენტარებით გამოსცა ზაზა ალექსიძემ, თბ., 1968
  • უხტანესი “ისტორია გამოყოფისა ქართველთა სომეხთაგან”, სომხური ტექსტი ქართული თარგმანით, გამოკვლევითა და კომენტარებით გამოსცა ზაზა ალექსიძემ, თბ.1975.
  • უხტანესი, ისტორია ქართველთა და სომეხთა განყოფისა. ვაღარშაპატი, 1871 (სომხურ ენაზე).
  • “სარწმუნოების ბეჭედი” (“კნიქ ჰავატო”) ქართული წყაროები სომხეთისა და სომხების შესახებ, ლ. მელიქსეთ-ბეგის გამოცემა, I, 1934 (სომხურ ენაზე).
  • იოანე დრასხანაკერტელი, სომხეთის ისტორია მ. ემინის გამოცემა. მოსკოვი. 1853 (სომხურ ენაზე).
  • სტეფანოს ტარონეცი (ასოღიკი). მსოფლიო ისტორია. ტფლისი, 1887, (სომხურ ენაზე).
  • კირაკოზ განძაკეცი, სომხეთის ისტორია, კ. მელიქ-ოჰანჯანიანის გამოცემა. ერევანი, 1961 (სომხურ ენაზე).
  • იოანე დრასხანაკერტელი, სომხეთის ისტორია, ი. აბულაძის თარგმანი საქართველოს ისტორიის ამსახველი მასალისა. თბილისი. 1937.
  • იოანე დრასხანაკერტელი, სომხეთის ისტორია, სომხური ტექსტი ქართული თარგმანით, გამოკვლევითა და საძიებლით გამოსცა ე. ცაგარეიშვილმა. თბილისი. 1965.
  • ქართლის ცხოვრება, ტ. I ს. ყაუხჩიშვილის გამოცემა, თბილისი, 1955.
  • ეპისტოლეთა წიგნი, სომხური ტექსტი ქართული თარგმანით, გამოკვლევითა და კომენტარებით გამოსცა ზაზა ალექსიძემ, თბილისი. 1968.
  • ვახუშტი ბაგრატიონი, ტომობა და შთამომავლობა ქართველთა, ხელნაწერთა ინსტიტუტი. A-756.
  • ქართლის ცხოვრების ძველი სომხური თარგმანი, გამოსცა ილია აბულაძემ, თბილისი. 1953.
  • მ. თამარაშვილი, ისტორია კათალიკობისა ქართველთა შორის, თბილისი, 1902.
  • სებეოსი, ისტორია, ერევანი, 1939 (სომხურ ენაზე).
  • სტეფანოს ორბელიანი, სისაკანის სახლის ისტორია, თიფლისი, 1910 (სომხურ ენაზე).
  • ვარდან აღმოსავლელი, მსოფლიო ისტორია, 1861 (სომხურ ენაზე).
  • ნ. აკინიანი. ქართველთა კათალიკოსი კირიონი. ვენა. 1910.
  • ივ. ჯავახიშვილი, ქართველი ერის ისტორია, I, თბილისი, 1960.
  • Н. Адонц, Ампелий, епископ Херсонский (К критике армянской «Книги посланий»), Христианский Восток , II, 1913.
  • И. Джавахов, История церковного разрыва между Грузией и Арменией в начале VII века. Известия Императорской Академии наук VI, №5, 1908.
  • Ив. Джавахишвили, Государственный строй древней Грузии и Армении. С.Петербург. 1905.
  • ივ. ჯავახიშვილი, ქართული სამართლის ისტორია, , თბილისი, 1928.
  • პ. კარბელაშვილ, იერარქია საქართველოს ეკკლესიისა, კათალიკოსნი და მღვდელმთავარნი, თფილისი, 1900.
  • ს. ჯანაშია. ფეოდალური რევოლუცია საქართველოში. თბილისი, 1935.
  • ვ. კეკელიძე, ქართული ლიტერატურის ისტორია, I, თბილისი, 1960.
  • ლეო. სომხეთის ისტორია. II. ერევანი. 1947 (სომხურ ენაზე).
  • გ. ზარბანალიანი, ძველი სომხური მწერლობის ისტორია, ვენეცი, 1897 (სომხურ ენაზე).
  • ილია აბულაძე, მხითარ გოშის ტრაქტატი “ქართველთათვის” და მისი ლიტერატურული წყაროები, თსუ შრომები. VII, 1938

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
  1. 1.0 1.1 საქართველოს ისტორია, ტ. I, თბ., 2008 წ. გვ., 159-160
  2. ეს მიმოწერა დაცულია სომხურ ენაზე ე. წ. „ეპისტოლეთა წიგნში“